მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი
11.05.2010
ავტორი
მასპინძელი
უკან  |  ნანახია 3131-ჯერ  |  შეფასება

გადმოსაწერი ვერსია (PDF)


მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი, 
უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების. 
გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი 
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები. 
მირზა გელოვანი, 1943 წელი. ფრონტი.
 

 


 1940 წლის გაზაფხულზე, საბჭოთა კავშირის ცკ-ის 5 მარტის დადგენილების შესაბამისად, სმოლენსკის ოლქში შსსკ-ის მიერ დახვრეტილ იქნა 21857 პოლონელი ტყვე, ძირითადად ოფიცრები. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ამ დანაშაულის შესახებ ნაცისტურმა გერმანიამ (რომელსაც იმ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდა ეს ტერიტორია) 1943 წელს ამცნო. 

 მეორე მსოფლიო ომის თემაზე სტატიის დაწერა ბევრჯერ გადავწყვიტე და ბევრჯერაც გადავიფიქრე. 

 ზუსტად მახსოვს, თუ როგორ ვისწავლე საათის ცნობა. ავად ვიყავი. ველოდებოდი სატელევიზიო სერიალის დაწყებას. ეტყობა ყველას თავი მოვაბეზრე. შემაჩეჩეს საათი და მითხრეს, რომ როდესაც დიდი ისარი მიუახლოვდებოდა თორმეტს, ფილმი დაიწყებოდა. საათის ამ ისრის მოძრაობისგან მიღებული შთაბეჭდილება ბავშვობის ტრავმად დამრჩა. არაფერს ვამბობ პატარა ისარზე. ერთადერთი, რამაც შემდგომში ნაწილობრივ მოახდინა საათის მოდგმის რეაბილიტაცია, იყო წამზომი. მაგრამ იმ საათზე წამზომი არ მახსოვს. 

ფილმს, რომელსაც ველოდი, ერქვა „სამი ტანკისტი და ძაღლი". ვგიჟდებოდი ომის ამსახველ ფილმებზე. ვუყურებდი და მერე ვთამაშობდი ომობანას. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ გერმანელს „ვხოცავდი". ერთხელაც, როდესაც მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა და შეტევაზე გადავდიოდი, დედაჩემმა მკითხა ვის ესვრიო, და მეც ვუპასუხე - გერმანელებს. კი მაგრამ ტანტენინაც (გერმანულ ბაღში დავდიოდი და ძალიან მიყვარდა ჩემი ტანტენინა) ხომ გერმანელი არისო. ამ პროვოკაციამ ვერც იმ შეტევაზე და ვერც ომის შემდგომ მსვლელობაზე გავლენა ვერ მოახდინა - რაშუაში იყო, ფაშისტებთან ბრძოლისას, ტანტენინა... 


 მას მერე 20 წელი საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ და 20-იც საბჭოთა კავშირის შემდეგ. საბჭოთა სისტემა შეუქცევლად იშლებოდა. გადასახლებული ნათესავების ამბები, ჯიბეში ჩაკუჭული პიონერთა ყელსახვევები, აკრძალული წიგნები, დასავლური მუსიკა, ჯინსები... ბევრი საბჭოთა ილუზია დაიმსხვრა. მეორე მსოფლიო ომი კი, ჩვენი საზოგადოებისთვის მაინც გადაულახავ მითად რჩება. კაცობრიობის წინაშე დამნაშავე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება ყველაზე მძიმედ დასათმობი აღმოჩნდა. საბჭოეთში არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც, გარკვეული აზრით, არ მიუღია მონაწილეობა ამ ომში და არ უზეიმია ეს გამარჯვება. მნიშვნელობა არა აქვს, როდის დაიბადა, ომამდე, ომის დროს, თუ ომის შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩვენ ყველა დიდი სამამულო ომის მონაწილეები ვიყავით. ნაცისტური გერმანია თავს დაგვესხა და ვიომეთ, ჩვენსმიწა-წყალს ვიცავდით... საოცარი გრძნობაა ეს „ტანკით,ბერლინამდე"... აბა, ვის შეიძლება დაავიწყდეს ბერლინის აღება? ჩვენ, ქართველებმაც ავიტანეთ რაიხსტაგზე დროშა! როგორ შეიძლება შევეხოთ ისტორიას?! მერე რა, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო მთლად კარგი ქვეყანა, არც ჩვენ გვიყვარდა (გვახსოვს კი ცხადად, მაინც რა არ გვიყვარდა?), მაგრამ რა ვუყოთ დახოცილთა ხსოვნას, რას ვუყოთ მეხსიერებას? 


 აქ შევჩერდეთ, რადგან მინდა ვიკითხო, აქვს კი მეხსიერება საბჭოთა ადამიანს? დაუსვით მას მარტივი კითხვა: როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და როდის ჩაება საბჭოთა კავშირი ამ ომში? იგი გიპასუხებთ (რას ჰქვია ვერ გიპასუხებთ, ბრაზილიურ ტელესერიალებზე კი არ არის გაზრდილი, დოკუმენტური კადრებით გაჯერებულ ისტორიულ ფილმებს უყურებდა!), რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, საბჭოთა კავშირი კი 1941 წლის 22 ივნისს გერმანიის თავდასხმის შემდეგი ძულებით, საბჭოთა სამშობლოს დასაცავად ჩაერთო. ყოველ ქალაქში იპოვით მემორიალს, რომელიც ამას არ გვავიწყებს. მიუხედავად საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციასა და ფინეთის ომზე გამჟღავნებული ინფორმაციისა, პასუხი იგივეა. 


 უცნაურია ადამიანის მეხსიერების სტრუქტურა. შეიძლება რეალობა შეიტყო, მაგრამ კითხვაზე მაინც ისეთი პასუხი გასცე, რასაც შენგან პროპაგანდა მოითხოვდა. როცა პასუხს გაზეპირებინებდნენ, ასჯერ გამეორებინებდნენ - 2+2=5, ახლად მიღებული ცოდნის მიუხედავად, შეკითხვისას, შესაძლოა ჩვეულებისამებრ უპასუხო 5, და ჩვენც ვიმეორებთ საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ჩაება 1941 წლის 22 ივნისს. ომის ყველა მემორიალს აწერია 1941-1945 წლები. მრავალი თაობა გაიზარდა ამ ორი თარიღით დაღდასმული. სამამულო ომის მემორიალები, ხსოვნის მონუმენტები, ფილმები, სიმღერები და ა.შ. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანებისთვის მეხსიერების ტრავმაა. ამ თარიღებით შლიდა საბჭოთა პროპაგანდა კაცობრიობის მეხსიერებიდან იმ ფაქტს, რომ საბჭოეთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება არა როგორ ცქვეყანა, რომელიც თავს იცავდა, არამედ როგორც აგრესორი, ზუსტად ისევე, როგორც ნაცისტური გერმანია. 

 თვალი გადავავლოთ ფაქტებს: 

 „1937 წლის თებერვალ-მარტში პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე წარმოთქმული სიტყვის დროს სტალინმა მოითხოვა მიღებული ყოფილიყო საბჭოთა კავშირის, სოციალიზმის მშენებელი ერთადერთი ქვეყნის, მტრული ქვეყნების მიერ ალყაში მოქცევის მდგომარეობა. სტალინი ამტკიცებდა, რომ მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, კერძოდ კი ფინეთმა, ბალტიისპირა ქვეყნებმა, პოლონეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა და იაპონიამ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით, (საინტერესოა, რომ აქ გერმანია არ არის ნახსენები) შემოგზავნეს სსრკ-ში ჯაშუშთა და დივერსანტთა არმიები. მათი მიზანია სსრკ-ში სოციალიზმის მშენებლობას ხელი შეუშალონ. „უნიკალური სახელმწიფო ხდება „წმინდა", თავისი „წმინდა საზღვრებით", რომლებიც, მტრის მხრიდან მუდმივი მუქარის გამო, ფრონტის ხაზებად გადაიქცნენ". სწორედ ამ კონტექსტში დაიწყო ნადირობა ჯაშუშებზე, ანუ მათზე, ვისაც რაღაც კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან. მითიური „მეხუთეკოლონის" ლიკვიდაცია გახდა დიდი ტერორის არსი" ("კომუნიზმის შავი წიგნი").

 1937-38 წლების დიდი ტერორი არ ყოფილა სტალინისთვის საშინაო პოლიტიკა, ის დაიგეგმა, როგორც საგარეო პოლიტიკის ნაწილი. „წმინდ აომი" 1937 წელს საბჭოთა კავშირის საზღვრებში დაიწყო. ეს იყო მსოფლიო რევოლუციის, ან უფრო ზუსტად, მსოფლიო ომის პრელუდია, რადგან ბოლშევიკებისთვის მსოფლიო ომი და რევოლუცია იდენტური მოვლენებია. 



 მკითხველს შევახსენებ, რომ სოციალიზმის გამარჯვება ერთ ქვეყანაში შესაძლებელი გახდა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის ფონზე. არსებობდა ასეთი ლენინური ლოზუნგი: გადავაქციოთ იმპერიალისტური ომი სამოქალაქო ომად. საბჭოთა ისტორიკოსები საუბრობდნენ პირველი მსოფლიო ომისგან საკუთრებულ მნიშვნელობაზე რევოლუციური მოძრაობის საქმეში. ანუ, „არსებობდა ასეთი პარტია", რომელიც მიიჩნევდა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისთვის საუკეთესო დრო სწორედ მაშინაა, როდესაც ქვეყანა ომშია ჩართული. 1917 წელს ბოლშევიკებმა ეს პროექტი წარმატებით დაასრულეს და ერთი ქვეყნის ფარგლებში სოციალიზმმა გაიმარჯვა. შემდეგ კი იმას, რასაც საუკუნეების განმავლობაში დაპყრობითი ომი ერქვა, ბოლშევიკებმა „სოციალიზმის ექსპორტი" დაარქვეს. 


 1939 წლის 19 აგვისტო. მიმდინარეობს პოლიტბიუროს სხდომა. ნახეთ სტალინის გამოსვლის მცირე ნაწყვეტი: 

 „ომისა და მშვიდობის საკითხი კრიტიკულ ფაზაში შედის. თუ ჩვენ დავდებთ ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, გერმანია უარს იტყვის პოლონეთზე და დაიწყებს ვივენდი მოდუსის ძებნას დასავლეთის ქვეყნებთან. ომი შეჩერებული იქნება, მაგრამ შემდგომში მოვლენებმა შეიძლება საბჭოთა კავშირისთვის საშიში ხასიათი მიიღოს. თუ ჩვენ გერმანიის წინადადებას მივიღებ, თავდაუსხმელობის პაქტის შესახებ, გერმანია, რასაკვირველია, დაესხმება პოლონეთს და საფრანგეთისა და ინგლისის ჩართვა ამ ომში გარდაუვალი იქნება. დასავლეთევროპას სერიოზული არეულობა დ ამღელვარება მოიცავს. ამ პირობებში, დიდი შანსია, დავრჩეთ კონფლიქტის მიღმა, და შეგვეძლება იმედი ვიქონიოთ, მომგებიანი პირობებით ჩავერთოთ ომში. ბოლო 20 წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მშვიდობიან პერიოდში შეუძლებელია ევროპაში იარსებოს იმდენად მძლავრმა კომუნისტურმა მოძრაობამ, რომ ბოლშევიკებმა მოახერხონ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამ პარტიის დიქტატურა შესაძლებლია მხოლოდ დიდი ომის ფონზე."

 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ მოაწერეს ხელი თავდაუსხმელობის პაქტს და ევროპა გავლენის ზონებად გაინაწილეს.

 1939 წლის 1 სექტემბერს, აქტიური თავდაცვის მიზნით (ჰიტლერის ფორმულირება), გერმანიის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ პოლონეთში.

 1939 წლის 17 სექტემბერს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიასთან შეთანხმებული გეგმის თანახმად გადალახეს პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი. 


1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთის ნაწილი შეუერთდა უკრაინას, ნაწილი კი ბელორუსიას. 


1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ფინეთში. მიუხედავად წარუმატებელი სამხედრო ოპერაციისა, ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული საზავო ხელშეკრულებისა, საბჭოთა კავშირს გადაეცა ბალტიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო, კუნძული ფინეთის ყურეში.

 1940 წლის 9 აპრილს გერმანიის ჯარი შეიჭრა დანიასა და ნორვეგიაში. 10 მაისს ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. 10 მაისსვე იწყება შეტევა საფრანგეთზე.

 1940 წლის 22 ივნისს ხელი მოეწერა საფრანგეთის კაპიტულაციას.

 ჯერ კიდევ 1939 წელს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ხელი მოაწერეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ თავსმოხვეულ ხელშეკრულებას საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგების თაობაზე. 1940 წლის 17 ივნისს საბჭოთა მთავრობამ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ულტიმატუმი წარუდგინა: გადამდგარიყვნენ საბჭოეთის მიმართ არაკეთილმოსურნე მთავრობები. დამატებითი სამხედრო ჯარების შეყვანისა და რეპრესიების ფონზე 21 ივლისს ახლად არჩეული სამივე ქვეყნის პარლამენტი თხოვს საბჭოთა ხელისუფლებისგან საბჭოეთთან შეერთებას. 

 1940 წლის 27 ივნისს საბჭოთა მთავრობა ულტიმატუმს უგზავნის რუმინეთს, რათ ამან გადასცეს ბესარაბია და ჩრდილო ბუკოვინა. უმოკავშირეოდ დარჩენილი რუმინეთის მთავრობას 28 ივნისს გამოჰყავს თავისი ჯარები ხსენებული ტერიტორიიდან. 2 აგვისტოს ბესარაბიის ტერიტორიაზე იქმნება მოლდოვეთის საბჭოთა რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილო ბუკოვინა გადადის უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში. 

თავად განსაჯეთ, რატომ ჰქვია მესამე რეიხის მიერ პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგისა და საფრანგეთის ოკუპაციას სამხედრო აგრესია, ხოლო საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და რუმინეთის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის ძმური ოჯახის გაფართოვება? 

რით განსხვავდება მესამე რეიხის ჯარისკაცი, საბჭოთა წითელარმიელისგან (აღარ დავიწყებ სს-ისა და შსსკ-ს შედარებით დახასიათებას)?
 ირაკლი თოიძის ცნობილ პლაკატს - „დედა-სამშობლო გეძახის" -წითელარმიელი ჯარის კაცი ნაცისტურ გერმანიაზე თავდასხმისთვის 1941 წლის 22 ივნისამდე რომ ეხმო, განა არ დაუჯერებდა „დედის" მოწოდებას? სხვათა შორის, ეს პლაკატი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე 22-23 ივნისს გამოჩნდა (იხილეთ ვიქტორ სუვოროვის „დღე"). ცხადია, რომ იგი გერმანიის შემოჭრამდე დაიხატა და ღმერთმა უწყის, „ერთამამის" დავალებით საით უხმობდა საბჭოთა ჯარისკაცს. სავარაუდოდ იქით, საითაც გერმანელების უკან დახევის შემდეგ მოუხმო. 


 წითელ არმიას არ გაუთავისუფლებია პოლონეთი (ახლა უკვე დასავლეთ პოლონეთი), რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და თავად აღმოსავლეთ გერმანია. ეს ქვეყნები მან მესამე რეიხს წაართვა და არანაკლებ დანაშაულებრივი ტოტალიტარული რეჟიმი დაამყარა.  

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, ნაცისტების მსგავსად, წითელარმიელ ჯარისკაცსაც არაფერი მოუტანია, ტერორის გარდა. არც ომის წლებში და არც შემდეგ, საბჭოეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებს და ხალხებს არ დაკლებიათ დახვრეტები, დეპორტაციები, კონცენტრაციული ბანაკები.
 რატომ მიაჩნია საბჭოთა ადამიანს ნაცისტური გერმანია დამნაშავედ კაცობრიობის წინაშე, ხოლო საბჭოთა კავშირი - გამათავისუფლებლად? ვერმახტის ჯარისკაცების მემორიალი ევროპის ქალაქებში არ უნდა იდგეს და არც დგას, მაგრამ რატომ უნდა იდგეს საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი საბჭოეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში, საქართველოდან დაწყებული და ბალტიისპირეთით დამთავრებული? რატომ უნდა დარაჯობდნენ ჩვენი წინაპრების ძვლები საბჭოთა კავშირის ფალსიფიცირებულ ისტორიას? იმიტომ, რომ მეომართა სულისკვეთება სხვა იყო, ისინი თავისი მრწამსით სამშობლოს იცავდნენ? აინტერესებს დღეს ცივილიზებულ სამყაროს, რა სულისკვეთებით იბრძოდნენ ვერმახტის ჯარისკაცები? როდესაც მეოცე საუკუნის უდიდესმა გერმანელმა მოაზროვნემ, მარტინ ჰაიდეგერმა შვილის რუსეთის ფრონტზე დაღუპვა და სტალინგრადის დაცემა გაიგო, თქვა: სამშობლო, მაშასადამე ევროპა განსაცდელშიაო. განა ნაცისტური გერმანიის დაცემის შემდეგ, ევროპა ახალი განსაცდელის წინაშე არ აღმოჩნდა? მაგრამ, ეს ვითარება არ ცვლის არც ნაცისტური გერმანიის დამნაშავეობრივ ბუნებასდა არც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, ვინც მათთან თანამშრომლობდა. 

რაც შეეხება ჩვენი პაპების სულისკვეთებას. ეს მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა არმია.

 საბჭოთა არმიაში არსებობდა სამი ე. წ. სტრატეგიული ეშელონი.  


 პირველი - წითელი არმიის სტრატეგიული ეშელონი. ეს იყო ძირითადი და მრტყმელი ძალა. მეორე სტრატეგიული ეშელონი ძირითადად დაკომპლექტებული იყო რეზერვისტებითა და პატიმრებით. მათი დანიშნულება, პირველი სტრატეგიული ეშელონის წარმატებების გამყარება იყო. მესამე სტრატეგიული ეშელონი შსსკ-ის ჯარებით იყო დაკომპლექტებული. რა იყო მისი დანიშნულება? 

 არსებობს წერილი: „საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, უშიშროების გენერალურ კომისარს, ამხანაგ ბერიას, ომის დაწყებიდან 10 ოქტომბრამდე შსსკ-ს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებისა და შსსკ-ს ზურგის დაცვის შენაერთების მიერ დაკავებულია 657 364 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ჩამორჩნენ თავიანთ შენაერთებს და/ან გამოიქცნენ ფრონტიდან ...განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების დადგენილებით დაპატიმრებულია 25 878 ადამიანი, 10 201 დახვრეტილია, მათგან 3241 მწყობრისწინ. სხვა ფრონტების სტატისტიკიდან ირკვევა, რომ პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაპატიმრებულია 4013 ადამიანი, 2136 დახვრეტილია. მასალებიდან ირკვევა, რომ პირველ 111 დღეში ფრონტზე ხვრეტდნენ დღეში 92 კაცს, აქედან 30 ადამიანს მწყობრისწინ. ელცინის დროს, ეს წერილები რუსეთის კონსტიტუციურ სასამართლოში წარადგინეს, როგორც კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი საბუთები" (ვ.სუვოროვი. ”დღე”). 

ჯერ-ჯერობით გამოუქვეყნებელია იმ პირთა სია, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწიეს და საბჭოთა ნაწილებში დაბრუნების შემდეგ დაიხვრიტნენ.

 ალბათ გსმენიათ, მეორემ სოფლიო ომიდან დაბრუნებული რამდენი ვეტერანი იხდიდა სასჯელს ციმბირში მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნების ომისგან დანგრეულ ქალაქებში „ლპობადი კაპიტალიზმი" ნახა. ან კიდევ, როგორ გაქრნენ ერთ დღეს საბჭოთა ქალაქებიდან ომის ხეიბარი ვეტერანები. საბჭოთა კავშირში ტერორი იყო ომამდეც და ომის შემდეგაც... და შემდეგ ისევ - 1951 წლის რეპრესიები. 

 იყო სამშობლოს დაცვის სულისკვეთება, იყო თავდადება, იყო ბრძოლებში გამარჯვება, იყო ცოცხლად გადარჩენის, შინ დაბრუნების სიხარული. მაგრამ ნაცისტური გერმანიის დამარცხებით ტოტალიტარული რეჟიმი არ დამარცხებულა. დახვრეტები, დეპორტაციები, კონცენტრაციული ბანაკები არ მოსპობილა. მაშინ რა გამარჯვებაზეა საუბარი? სადაც შეიძლება ვილაპარაკოთ განთავისუფლებასა და გამარჯვებაზე, იქ წითელარმიელს ფეხი არ დაუდგამს. 

გამოხატვის თავისუფლების საბჭოური რეალობის უცნაური მაგალითია ის, რომ სიმართლე სტრიქონებს შორის იწერებოდა. არაერთი ხელოვანი ცდილობდას ტრიქონებს შორის, ცარიელ სივრცეში ჩაედო ის საზრისი, რომელიც თანამემამულეებს უნდა ამოეკითხათ. ეს მეხსიერების უკვდავყოფის თითქმის ერთადერთი საშუალება იყო. 

 დიდების მემორიალებს ჩვენში ხშირად შინმოუსვლელთა, ან ომში დაღუპულთა მემორიალებს ეძახიან. საბჭოთა ხელისუფლებისთვის ის საბჭოთა სისტემის, გამარჯვების, მისი დიდების მემორიალები იყო. გარდაცვლილთა ხსოვნის ფასად ჩვენ მეხსიერება წაგვართვეს. ომში დაღუპულებს, გარდა იმისა, რომ ტოტალიტარიზმის სამხედრო დანაშაულებათა მსხვერპლნი არიან, სიკვდილის შემდეგაც არ ეღირსათ განთავისუფლება. ისინი სიკვდილის მერეც საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში არიან, როგორც სისტემის გამარჯვების, მისი დიდების გუშაგნი. სანამ შინმოუსვლელთა სახელები დაკავშირებულია ამ საგუშაგოებთან, საზოგადოება ვერ გაიხსენებს, რომ ჩვენ გამარჯვებულები კი არა, ტოტალიტარიზმის მსხვერპლნი ვართ. საბჭოთ ადიდების მემორიალები, თავისი არსით ტრაგედიის მემორიალებია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომში დაღუპულებს გვახსენებენ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ წარსულის გაცნობიერებით ცხადი ხდება, რომ ჩვენი ხალხის გამარჯვების კი არა, ჩვენივე საშუალებით, საბჭოთა სისტემის მიერ ჩვენზე გამარჯვების მემორიალებია. 

ამ მემორიალებს შეგვიძლია დავაწეროთ - ეძღვნება კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავე რეჟიმების მსხვერპლს. 

საზოგადოების ერთი ნაწილი სამხედრო დანაშაულის, მეორე კი რეპრესიების მსხვერპლი იყო. მათ შორის სხვაობა ისაა, რომ საჯაროდ დატირებისა და პატივის მიგების უფლება მხოლოდ პირველ კატეგორიაზე ვრცელდებოდა, ოღონდ ამისათვის კომუნისტური რეჟიმი თავის საფასურს ითხოვდა - საფლავები საბჭოთა სიმბოლიკით უნდა ყოფილიყო დაღდასმული. 

ტრაგიზმი კიდევ უფრო მძაფრია, სანამ ამის აღიარებას გავურბივართ. 

საზოგადოება დუმს, რადგან განსჯა შეუძლია მხოლოდ ზრდასრულს, რომელსაც აქვს წარსული, ახსოვს და გაცნობიერებული აქვს ის. დღეს ჩვენს საზოგადოებას წარსული არა აქვს, რადგან ეპოქა, რომელიც უშუალოდ წინ უძღოდა ჩვენს დროს, ანუ საბჭოთა პერიოდი, არც შესწავლის, არც განხილვის და ამდენად, არც გაცნობიერების საგანი არ გამხდარა. 

ხელისუფლება ბოლო დრომდე დუმს, ალბათ მიაჩნია, რომ არაზრდასრულთათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება სათამაშო-საჩუქრის, ერთგვარი კინდერსიურპრიზის სახითაა მიზანშეწონილი (მაგალითად, ერთ დღეს, მემორიალის ნაცვლად, ქუთაისში გაჩნდება პარლამენტი).

სმოლენსკში 10 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის ფონზე მასმედიაში გასული ინფორმაციის მიუხედავად, ვფიქრობ, საზოგადოებას მაინც არ გააჩნია სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს კატინი მე-20 საუკუნის ისტორიისთვის და რამ ნიშვნელოვანი ძვრები ხდება დღეს მსოფლიოში.  

საქმე ისაა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, 3 ივლისს (საგულისხმოა, რომ ობამას მოსკოვური ვოიაჟის წინ) ევროპის უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც მეოცე საუკუნეში ევროპულმა სახელმწიფოებმა განიცადეს საკუთარ თავზე ორი მძლავრი ტოტალიტარული რეჟიმი: ნაცისტური და სტალინური, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დარღვევები, სამხედრო დანაშაულებანი და დანაშაულებანი კაცობრიობის წინაშე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი თანაბრად იყვნენ პასუხისმგებლები. ამ დასკვნით წერტილი დაესვა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ილუზიას. 

ჩვენში ეს მოვლენა სათანადოდ არგ აშუქებულა და შეფასებულა. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის მიერ საბჭოთა წარსულის გამოძიების კომისიის შექმნა სწორედ ამ მოვლენების გამოძახილია, რადგან სწორედ ამ რეზოლუციის რეკომენდაციაა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მოხდეს ისტორიის ხელახალი წაკითხვა, წაკითხვა ყოველგვარი შელამაზების გარეშე. 


 ჩვენ ხელახლა გვაქვს გასავლელიგზა - მთაწმინდიდან სმოლენსკამდე. იგი შესაძლოა აღმოჩდეს "შორი, უფრო შორი"...



გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? მოიფიქრეთ ვიდეო–პრეზენტაცია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.
ვიდეო და დაწერილი აზრების გვერდებზე არსებული TOP-ვიდეოებისა და TOP-სტატიების ჩამონათვალი აჩვენებს მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ 10 ყველაზე ბევრჯერ დათვალიერებულ დაწერილ თუ ვიდეო აზრს.

ყოველ წელს „azrebi.ge“-ს აქვს ახალი რეიტინგული სია. საიტის სტუმრებს აქვთ საშუალება დაათვალიერონ წინა წლების რეიტინგები.


2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>